„ევროპელი ავტორების დღე“ ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში და თომას მანის საზოგადოების ჩართულობა
🕒 25 მარ 2026, 14:00 📍 ლოკაცია: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზ. N60
საქართველოს თომას მანის საზოგადოება აგრძელებს იმ საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპული ლიტერატურისა და ფასეულობების პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობაში. ამ მიზნით, ქუთაისის N33 საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგის, ხათუნა ჯინჭარაძის მიწვევითა და ორგანიზებით, საქართველოს თომას მანის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ჭოლაძე დაესწრო ღონისძიებას — „ევროპელი ავტორების დღე“.
შეხვედრას, სკოლის დირექციასა და მოსწავლეებთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წარმომადგენელი ქუთაისში გიგი ჭინჭარაული, გერმანელი პრაქტიკანტები ფელიქს გლასი და ეველი ჰათიგი, აგრეთვე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
ღონისძიების ფარგლებში ნათია ჭოლაძემ წარადგინა მოკლე პრეზენტაცია თომას მანის შემოქმედების შესახებ. საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ მოსწავლეებიც: ა. ჩხაპელია, მ. ხიდაშელი, ა. კუხიანიძე, ბ. ლომინაძე, მ. კუბლაშვილი და მ. ბოგვერაძე. შეხვედრამ ნათლად აჩვენა, თუ როგორი ინტერესით ეკიდება ახალგაზრდა თაობა დასავლურ კულტურულ მემკვიდრეობასა და გერმანულენოვან ლიტერატურას.
შეხვედრის დასასრულს შეჯამდა გერმანელი პრაქტიკანტების ორთვიანი მუშაობა N33 საჯარო სკოლაში. მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ, ხოლო აქტიურ მოსწავლეებს — სპეციალური სერტიფიკატები. საქართველოს თომას მანის საზოგადოება მადლობას უხდის N33 საჯარო სკოლის დირექციას და პირადად ხათუნა ჯინჭარაძეს მასპინძლობისთვის და მიესალმება მსგავს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს გერმანული ენის შესწავლასა და კულტურათა შორის დიალოგს.