თომას მანის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებათა ციკლი ქუთაისში დაიწყო
🕒 22 თებ 2025, 14:00 📍 ლოკაცია: ქუთაისი / თამარ მეფის ქ. N14.
2025 წელს მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსის, თომას მანის დაბადებიდან 150 წლისთავი აღინიშნება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თომას მანის საზოგადოებამ საქართველოში მწერლის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი დაიწყო.
საზოგადოების ორგანიზებით, 2025 წლის 22 თებერვალს, ქუთაისის კინოთეატრ „საქართველოში“ გაიმართა საღამო, რომელიც თომას მანის შემოქმედების ერთ-ერთ უბრწყინვალეს ნოველას — „სიკვდილი ვენეციაში“ მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მანანა პაიჭაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ლიტერატურული ნარაცია და კინოენა/კინოკოდი თომას მანის „სიკვდილი ვენეციაში“ მაგალითზე (ვისკონტი — ადაპტატორი თუ ეპიტომატორი)“.
საინტერესო მოხსენების დასრულების შემდეგ, ეკრანი დაეთმო ყველა დროის ერთ-ერთი უბრწყინვალესი რეჟისორის, ლუკინო ვისკონტის საკულტო ეკრანიზაციას „სიკვდილი ვენეციაში“. საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ თომას მანის საზოგადოების წევრები, აგრეთვე ქუთაისიდან და თბილისიდან საგანგებოდ მოწვეული საპატიო სტუმრები. კულტურულმა საღამომ დიდი ინტერესი გამოიწვია და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულენოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში.