ღონისძიება „Deutsch für Groß und Klein“ და საქართველოს თომას მანის საზოგადოების პროექტი ახალციხეში
🕒 03 მაი 2025, 11:00 📍 ლოკაცია: ქ.ახალციხე, რუსთაველის ქ. 113 უნივერსიტეტის I კორპუსი.
2025 წლის 3 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გერმანული ენის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება — „Deutsch für Groß und Klein“. ორგანიზატორთა (საქართველოს თომას მანის საზოგადოება, გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია, გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები, DAAD, ZfA, ავსტრიის ბიბლიოთეკა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა) უმთავრეს მიზანს საქართველოში გერმანული ენის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
ღონისძიების ფარგლებში დიდი დაინტერესება ხვდა წილად საქართველოს თომას მანის საზოგადოების პროექტს — „აღმოაჩინე თომას მანის სამყარო“. წარმოდგენილმა ინიციატივამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და აღძრა სურვილი, უფრო ღრმად გაცნობოდნენ დიდი გერმანელი მწერლის, თომას მანის ცხოვრებასა და შემოქმედებას. პრეზენტაციის დასრულებისას დაისვა მრავალი საინტერესო კითხვა და გაიმართა ნაყოფიერი დისკუსია.
საქართველოს თომას მანის საზოგადოების უცვლელი მიზანია, ხელი შეუწყოს მომავალი თაობის ინტელექტუალური დონის ამაღლებას და კიდევ უფრო გააღრმაოს ინტერესი გერმანული ენისა და კლასიკური ლიტერატურული მემკვიდრეობის მიმართ. გამართულმა დღესასწაულმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ მისიის განხორციელებაში.