← ღონისძიებებში დაბრუნება

​კულტურული დიალოგი ქუთაისში და თანამშრომლობა გერმანიაში მოღვაწე ქართველ მუსიკოსთან

🕒 31 ოქტ 2025, 16:00 📍 ლოკაცია: ქუთაისი / წერეთელი აკაკის ქ. N30

საქართველოს თომას მანის საზოგადოებისა და ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველის მოადგილის, ბაია კოღუაშვილის ინიციატივით, ქუთაისმა გერმანიაში მოღვაწე ქართველ მუსიკოსთან, ლუკა თოთაძესთან გაცნობით შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიება მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში გაიმართა.
​ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს თომას მანის საზოგადოების პრეზიდენტის, ნათია ჭოლაძის, ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველის მოადგილის, ბაია კოღუაშვილისა და გერმანიის თომას მანის საზოგადოების წევრის, მუსიკოს ბერნჰარდ შოხის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და აქტიური მხარდაჭერის შედეგად შედგა. ლუკა თოთაძემ, რომელიც გერმანიაში წარმატებულ პედაგოგიურ და საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწევა, მოისმინა ქუთაისის სამუსიკო სკოლების, ცენტრალური სასწავლებლისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შესრულებები. ქუთაისელი ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალით მოხიბლულმა მუსიკოსმა მზაობა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ქართველი შემსრულებლების პოპულარიზაციას გერმანიაში.
​შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო პერსპექტივები დასახეს, რაც გერმანიის ქალაქებში ერთობლივი კონცერტებისა და მასტერკლასების ჩატარებას, ასევე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას გულისხმობს. საქართველოს თომას მანის საზოგადოება აქტიურად აგრძელებს კულტურულ დიალოგს საქართველოსა და გერმანიას შორის და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული მუსიკალური თუ ინტელექტუალური რესურსის წარმოჩენას უწყობს ხელს.

გააზიარეთ: Facebook

ფოტო გალერეა