← მთავარ გვერდზე დაბრუნება

საქართველოს ხმა ლიუბეკში — თომას მანის საზოგადოების გზა აღიარებისა და დამოუკიდებლობისკენ

გამოქვეყნდა: 26 ივნისი 2026

საქართველოს ხმა ლიუბეკში — თომას მანის საზოგადოების გზა აღიარებისა და დამოუკიდებლობისკენ

საქართველოს თომას მანის საზოგადოებამ გერმანიაში სამუშაო ვიზიტი წარმატებით დაასრულა, რომლის ფარგლებშიც როგორც პროფესიული, ისე პარტნიორული მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევები დაფიქსირდა. გერმანელმა კოლეგებმა საზოგადოების წარმომადგენლები გულთბილად, პროფესიული ინტერესითა და სრული მხარდაჭერის მზადყოფნით მიიღეს. შეხვედრებზე ნათლად გამოჩნდა გერმანიის წარმომადგენელთა მზადყოფნა და ძლიერი სურვილი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს თომას მანის საზოგადოების გაძლიერება-განვითარების ხელშეწყობის პროცესში.
​ვიზიტის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა საზოგადოების პრეზიდენტის, ნათია ჭოლაძის საჯარო მოხსენება. მან ვრცლად ისაუბრა ორგანიზაციის მიერ უკვე განხორციელებულ კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებზე, აგრეთვე წარადგინა სამომავლო გეგმები და სტრატეგიული ხედვები. მოხსენება მაღალი ინტერესით იქნა მიღებული, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ქართული მხარისადმი საერთაშორისო ნდობა და ინტერესი.
​უპრეცედენტო სიახლეს წარმოადგენს ფაქტი, რომ საქართველოს თომას მანის საზოგადოება ოფიციალურად იქნა აღიარებული დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად. ამიერიდან ორგანიზაცია სრულფასოვანი წევრის სტატუსით წარდგება ლიუბეკის სათაო ოფისში შემავალ სხვა ქალაქების საზოგადოებებს შორის — კერძოდ, ბერლინის, ბონის/კიოლნისა და ჰამბურგის ფილიალების გვერდით. ეს სტატუსი არის საზოგადოების მიერ გაწეული ინტელექტუალური, ორგანიზაციული და კონცეპტუალური საქმიანობის საერთაშორისო აღიარება და ასახავს იმ მიზანმიმართული შრომის შედეგს, რომელიც ჩვენს გუნდს ახასიათებს.
​საზოგადოების ხელმძღვანელობა გულწრფელ მადლობას უხდის თითოეულ წევრს გაწეული შრომისა და ერთგულებისათვის. ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული ეს წარმატება მყარ საფუძველს ქმნის სამომავლოდ პოზიციების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, შემეცნებითი სივრცის განსავითარებლად და საერთაშორისო კულტურულ დიალოგში აქტიურად ჩასართავად.

გააზიარეთ: Facebook